კატარაქტის მკურნალობა

კატარაქტა არის თვალში არსებული ბუნებრივი, გამჭვირვალე ოპტიკური ლინზის ანუ ბროლის შემღვრევა, რაც აფერხებს სინათლის სხივების შეღწევას თვალში და მათ აღქმას ბადურა გარსის მიერ. აღნიშნული იწვევს მხედველობის სიმახვილის სხვადასხვა ხარისხით დაქვეითებას.
კატარაქტა შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
თანდაყოლილი კატარაქტის გამომწვევი შესაძლო მიზეზებია - ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებები; სამშობიარო ტრავმა; ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება; ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მოხმარება და ა. შ.
შეძენილი კატარაქტის გამომწვევ უხშირეს მიზეზად ითვლება ხანდაზმული ასაკი. შეძენილი კატარაქტის გამომწვევი მიზეზები ასევე შეიძლება იყოს:
- ბლაგვი ან გამჭოლი ტრავმა;
- ზოგადი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი და სხვ.);
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
- თვალის ანთებითი და დეგენერაციული პროცესები;
- სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება;
- ტოქსიკური ნივთიერებების, ულტრაიისფერი და რადიაციული გამოსხივების ზემოქმედება.
თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს.
კატარაქტის დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება :
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, დაბინდვა, გაორება;
- ფერების აღქმის ცვლილება;
- სათვალეების ხშირად შეცვლის საჭიროება;
- დაავადების პროგრესირებას ახასიათებს მხედველობის სიმახვილის თანდათანობითი დაქვეითება;
- ზოგ შემთხვევაში ჩნდება ე.წ. ცრუ, დროებითი ახლომხედველობა (ხანდაზმული ადამიანი, რომელიც შორს კარგად ხედავდა და კითხვა კი უჭირდა, კატარაქტის განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე ახლოს კითხულობს სათვალის გარეშე, შორს კი ცუდად ხედავს).
გამჭვირვალე ბროლი სრულად ატარებს სინათლის სხივებს, რომლებიც ფოკუსირდება ბადურა გარსზე, შესაბამისად მიღებული გამოსახულება მკაფიოა. შემღვრეული ბროლი ნაწილობრივ ატარებს სინათლის სხივებს ბადურა გარსამდე, შესაბამისად მიღებული გამოსახულება ბუნდოვნად აღიქმება.
თუ მხედველობის დაქვეითება ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში (ავტომობილის მართვა, კომპიუტერთან მუშაობა, კითხვა, ტელევიზორის ყურება და სხვ.) და ამის მიზეზი კატარაქტაა, რეკომენდებულია ოპერაციული ჩარევა - შემღვრეული ბუნებრივი ბროლის შეცვლა გამჭვირვალე ხელოვნური ბროლით.
კატარაქტის სამკურნალოდ თვალის წვეთების გამოყენება ან რაიმე პრეპარატებით მკურნალობა არაეფექტურია და ამიტომ მათი მიღება (აბების ან კაფსულების სახით) მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
კატარაქტის მკურნალობის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას ქირურგიული ოპერაცია წარმოადგენს.
ადრე არსებული მოსაზრება ოპერაციის ჩასატარებლად კატარაქტის „მომწიფების“ აუცილებლობის შესახებ მცდარია. დაავადების ადრეულ ეტაპზე ოპერაციის ჩატარება უსაფრთხო და წარმატებული შედეგის საწინდარია.
კატარაქტის ოპერაციამდე აუცილებელია სრულყოფილი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, რათა ზედმიწევნით სწორად განისაზღვროს რეკომენდებული თვალშიდა ხელოვნური ბროლის მოდელი, რა თქმა უნდა, პაციენტის პროფესიული და ყოფითი მოთხოვნების გათვალისწინებით.
კატარაქტის თანამედროვე ქირურგია გულისხმობს ე.წ.“უნაკერო“ ოპერაციას - ულტრაბგერით ფაკოემულსიფიკაციას კუმშვადი ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით. ოპერაცია კეთდება ამბულატორიულ პირობებში ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე და გრძელდება 10-15 წუთი. კლინიკაში „ახალი მზერა“ კატარაქტის ოპერაცია ტარდება ZEISS-ისა და ALCON-ის უახლესი ქირურგიული მოწყობილობებით.
კატარაქტის „უნაკერო“ ოპერაციის დროს კეთდება 2-2,5 მმ ზომის განაკვეთი, რომლიდანაც სპეციალური ულტრაბგერითი ბუნიკის საშუალებით ხდება შემღვრეული ბროლის დაქუცმაცება მისი ერთდროული ასპირაციით (სურ.1). არსებული განაკვეთიდან სპეციალური ხელსაწყოთი წარმოებს კუმშვადი ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია (სურ.2) და მისი ჩასმა ფერადი გარსის უკან ამოღებული (შემღვრეული), ბროლის ადგილზე (სურ.3).
კატარაქტის ულტრაბგერითი ფაკოემულსფიკაცია თვალშიდა ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით
ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა, რის შემდეგაც პაციენტი განაგრძობს მისთვის ჩვეულ ყოფით საქმიანობას. ოპერაციიდან 4-5 კვირის განმავლობაში საჭიროა მედიკამენტური მკურნალობა - სათანადო წვეთების ინსტილაცია.
პაციენტის პროფესიიდან და სურვილიდან გამომდინარე შესაძლებელია სხვადასხვა ოპტიკური ძალის ხელოვნური ბროლის გამოყენება. ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა ხდება პაციენტისა და ექიმის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. იმპლანტირებული ხელოვნური ბროლი როგორც წესი, რჩება თვალში მთელი ცხოვრების განმავლობაში და შეცვლას არ საჭიროებს.
კლინიკა „ახალ მზერაში“ გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის ხელოვნური ბროლები:
სტანდარტული მონოფოკალური ხელოვნური ბროლის საშუალებით შესაძლებელია კატარაქტის შედეგად დაქვეითებული მხედველობის აღდგენა შორ ან ახლო მანძილზე პაციენტის პროფესიული და ყოფითი მოთხოვნების გათვალისწინებით.
პრემიუმ ხელოვნური ბროლები:
ასფერული მონოფოკალური ხელოვნური ბროლის გაუმჯობესებული ოპტიკური მახასიათებლები უზრუნველყოფს მხედველობის მაღალ ხარისხს.
.
ტორიული ხელოვნური ბროლით შესაძლებელია როგორც კატარაქტის გამო დაქვეითებული მხედველობის აღდგენა შორ ან ახლო მანძილზე, ასევე ასტიგმატიზმის გასწორება.
ორფოკუსიანი ხელოვნური ბროლის ორიგინალური ოპტიკური დიზაინის საშუალებით შესაძლებელია მაღალი მხედველობის მიღება შორ და საშუალო (70 სმ - ზე) მანძილზე, რაც განსაკუთრებით აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხანგრძლივად უწევს კომპიუტერთან მუშაობა ან ავტომობილის მართვა.
მულტიფოკალური ხელოვნური ბროლის საშუალებით პაციენტი იღებს საკმაოდ მაღალ მხედველობას ერთდროულად როგორც შორ, ისე საშუალო და ახლო მანძილზე ახდენს რა ერთდროულად პრესბიოპიის კორექციას.
მულტიფოკალურ-ტორიული ხელოვნური ბროლი უნიკალური ოპტიკური დიზაინის საშუალებით პაციენტს ათავისუფლებს კატარაქტის, პრესბიოპიისა და ასტიგმატიზმისაგან; ასევე მისი საშუალებით შესაძლებელია პაციენტისთვის სასურველი მხედველობის მიღება როგორც შორ, ისე საშუალო და ახლო მანძილზე.
კატარაქტის ოპერაციიდან საშუალოდ 12-24 თვის შემდეგ (განსაკუთრებით ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პაციენტებში) ხშირ შემთხვევაში ვითარდება ე.წ. „მეორადი კატარაქტა“, რაც წარმოადგენს მხედველობის ნაწილობრივი დაქვეითების მიზეზს. ასეთ შემთხვევაში ხელოვნური ბროლის უკან არსებული დანისლული აპკის (უკანა კაფსულის) გახსნა ხდება ოფთალმოლოგის კაბინეტში სპეციალური YAG-ლაზერული აპარატით, 2-3 წუთის განმავლობაში სრულიად უმტკივნეულოდ და ძალზედ ეფექტურად.
მეორადი კატარაქტა (მარცხნივ) და მისი მკურნალობა YAG-ლაზერით (მარჯვნივ)
ამრიგად, თუ მხედველობის დაქვეითების მიზეზი კატარაქტაა, კლინიკა „ახალი მზერა“ გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებასა და ხელოვნური ბროლების ფართო არჩევანს. სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ თქვენი თვალის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლიათ მკურნალ ექიმთან და/ან ქირურგთან ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება ხელოვნური ბროლის ამა თუ იმ მოდელის შერჩევის თაობაზე.