რა არის გლაუკომა?
რა არის გლაუკომა?
გლაუკომა ეწოდება თვალის დაავადებების ჯგუფს, რომლებიც ხასიათდება პროგრესირებადი მიმდინარეობით და საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე. ძველბერძნულიდან თარგმანში ეს ტერმინი ნიშნავს „ღია ლურჯს“, „ცისფერს“ ან “წყლისფერ ლურჯს“. სახელწოდება დაავადებამ მიიღო რქოვანას შემღვრეული, მოლურჯო ელფერის გამო, რომელიც დაავადების გვიან სტადიებზე ჩნდება.
ოფთალმოლოგიურ დაავადებებს შორის, გლაუკომა მსოფლიოს მოსახლეობაში, სიბრმავის განვითარების ერთ-ერთ წამყვან მიზეზად ითვლება. გლაუკომა ხასიათდება სამი ძირითადი მახასიათებლით (ტრიადა გრეფეს):
-
თვალშიდა წნევის მომატება;
-
მხედველობის ნერვის ცვლილებები;
-
მხედველობის ველის შევიწროება.
გლაუკომის მიზეზები
პათოლოგიური პროცესები ვითარდება თვალშიდა წნევის მატებისას. ეს ხდება მაშინ, როდესაც ირღვევა ბალანსი თვალის წინა კამერაში სითხის შემოსვლასა და გადინებას შორის. ნორმაში სითხის რაოდენობის რეგულაციას უზრუნველყოფს თვალის დრენაჟული სისტემა. მისი ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში სითხე გროვდება წინა კამერაში და იწვევს თვალშიდა წნევის გადაჭარბებულ მომატებას. შედეგად ხდება მხედველობის ნერვის შეკუმშვა და მისი თანდათანობითი ატროფია.
რისკ-ფაქტორები
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს:
-
ასაკი: 45 წელზე მეტი;
-
გენეტიკური წინასწარგანწყობა;
-
მაღალი ხარისხის მიოპია;
-
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი);
-
არტერიული ჰიპერტენზია;
-
თვალის ანთებითი დაავადებები: (კერატიტი, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, უვეიტი და სხვა).
ადრეული დიაგნოსტიკა
გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკა რთული ამოცანაა, რადგან დასაწყის სტადიაში დაავადება მიმდინარეობს ფაქტობრივად უსიმპტომოდ. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, დაავადების დასაწყისიდან პირველი ნიშნების გამოვლენამდე შესაძლოა იყოს 6 წლამდე. ამასთანავე ხდება პერიფერიული მხედველობის დაზიანება და ცენტრალური მხედველობა დიდხანს რჩება ნორმალური, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა არის ძირითადი პროგნოზისთვის.
გადაუდებელი მდგომარეობა: დახურულკუთხოვანი გლაუკომა
მნიშვნელოვანია აღინიშნოს უეცარი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს, რის გამოც პაციენტმა მყისიერად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს:
-
ინტენსიური ტკივილი: მკვეთრი, აუტანელი ტკივილი თვალში, რომელიც ხშირად გადაეცემა საფეთქელს, შუბლს ან ყბას.
-
მხედველობის დარღვევები: ’’რძისფერი ნისლი’’ თვალწინ, სინათლის წყაროების ირგვლივ ცისარტყელასებრი რგოლების დანახვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება ზოგჯერ მხოლოდ სინათლის შეგრძნებამდე.
-
გარეგანი ნიშნები: თვალის სიწითლე, გაფართოებული გუგები, რომელიც არ რეაგირებს სინათლეზე, რქოვანას შემღვრევა.
-
‘’გაკავებული თვალის’’ შეგრძნება: პალპაციისას თვალის კაკალი მყარი და გამაგრებულია.
ყურადღება: აღნიშნული სიმპტომების დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ოფთალმოლოგს, რადგან დაგვიანებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი სიბრმავე.
სტატიის ავტორი: ნინო გაგნიაშვილი