მშრალი თვალი

მშრალი თვალი

მშრალი თვალი

მშრალი თვალი არის მულტიფაქტორული დაავადება, რომლის დროსაც ცრემლს არ აქვს უნარი სათანადოდ დაატენიანოს თვალის ზედაპირი, რაც ვლინდება სიმშრალისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით. თვალის სიმშრალე შესაძლოა გამოწვეული იყოს ცრემლის რაოდენობრივი ან ხარისხობრივი ცვლილებებით.

თვალის ზედაპირზე გადანაწილებისას წარმოიქმნება ცრემლის აპკი, რომელიც 3 შრისაგან შედგება:

მუცინის შრე - წარმოიქმნება ლორწოვან გარსში (კონიუნქტივაში) არსებული უჯრედებისგან და უზრუნველყოფს წყლის შრის თანაბარ განაწილებას რქოვანას ზედაპირზე.

წყლის შრე - წარმოიქმნება ძირითადი და დამატებითი საცრემლე ჯირკვლებისაგან და შეადგენს ცრემლის აპკის უდიდეს ნაწილს.

ცხიმოვანი (ლიპიდური) შრე - წარმოიქმნება მეიბუმისაგან, რომელიც გამოიყოფა ქუთუთოებში განლაგებული მეიბომის ჯირკვლებისაგან. ცხიმოვანი სეკრეტი ხელს უშლის ცრემლის აორთქლებას და უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის „გაპოხვას“.

ცრემლის აპკი

ცრემლის აპკის შრეობრივი შემადგენლობა

ცრემლის აპკის დისფუნქცია გამოიხატება ცრემლის წარმოქმნის შემცირებით ან თვალის ზედაპირიდან მისი აორთქლების გაძლიერებით, რაც გამოიხატება თვალის სიმშრალისათვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარებით.

მშრალი თვალის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება:

  • ქუთუთოების ანთებითი მდგომარეობა (ბლეფარიტი);
  • მეიბომის ჯირკვლების დისფუნქცია;
  • თვალის ირგვლივი კანის პათოლოგია (მაგ. ატოპიური, სებურეული დერმატიტი, ვარდისფერი აკნე);
  • ალერგიული ფონი;
  • ხამხამის სიხშირის შემცირება, მაგალითად, მონიტორებთან ხანგრძლივი დროის გატარების გამო;
  • რიგი მედიკამენტების (ანტიჰისტამინური, საძილე, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, ჩასახვის საწინააღმდეგო, ანტიდეპრესანტული, აკნეს, არტერიული ჰიპერტენზიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები) გვერდითი ეფექტები;
  • ისეთი აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა შოგრენის სინდრომი, რევმატოდიული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები;
  • რქოვანას მგრძნობელობის მომატება კონტაქტური ლინზების გამოყენების წესების დარღვევის შემთხვევაში;
  • ვიტამინების ნაკლებობა ან მათი ჭარბი რაოდენობით მიღება;
  • ჰორმონული დისბალანსი/ჰორმონოთერაპია;
  • ჰომეოპათიური პრეპარატების მიღება;
  • ისეთი გარემო ფაქტორები, როგორიცაა დაბალი ტენიანობა, ქარი, ჰაერის დაბინძურება, კვამლიანი და მტვრიანი გარემო, კონდიცირება;
  • თვალღიაობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ქუთუთოებზე ჩატარებული ოპერაციით ან ნევროლოგიური პათოლოგიებით.

ბლეფარიტის, მეიბომის ჯირკვლების დისფუნქციისა და მშრალი თვალის განვითარების მექანიზმები იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ იქმნება თვალის ზედაპირის დაავადებების „მანკიერი წრე“. მეიბომის ჯირკვლების დისფუნქცია გამოიხატება მათი სადინარების დახშობით ან/და მათი ცხიმოვანი სეკრეტის, მეიბუმის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებით. შედეგად ირღვევა ცრემლის აპკის სტაბილურობა მისი ცხიმოვანის შრის შემადგენლობის ცვლილების გამო, რასაც მოჰყვება თვალის ზედაპირიდან ცრემლის გაძლიერებული აორთქლება და მშრალი თვალისთვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარება. მეიბომის ჯირკვლების დისფუნქცია ასევე იწვევს ცხიმოვანი სეკრეტის დაგროვებას ქუთუთოების კიდესა და წამწამებზე, წარმოიქმნება ქერტლის მსგავსი დეპოზიტები და შექმნილი გარემო ხელს უწყობს კანზე არსებული ბაქტერიების კვებას, მათ გამრავლებასა და ბლეფარიტის განვითარებას. აღნიშნულ პროცესში შესაძლოა ჩართული იყოს ტკიპა დემოდექსი, რომლის გამრავლებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნის შემთხვევაში ვითარდება დემოდეკოზური ბლეფარიტი.

აღსანიშნავია, რომ ასაკთან ერთად ცრემლის წარმოქმნის შემცირების გამო მშრალი თვალი სიხშირე მაღალია 50 წელს გადაცილებულ პირებში. ამასთანავე, ჰორმონული ცვლილებების გამო მშრალი თვალი უფრო ხშირად ქალბატონებს აღენიშნებათ.

მშრალი თვალისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • წვის, ჩხვლეტის, უცხო სხეულის შეგრძნება;
  • სიწითლე და გაღიზიანება;
  • ქავილი;
  • სიმძიმის შეგრძნება;
  • ლორწოვანი გამონადენი;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • თვალების დაღლილობა;
  • ცრემლდენა;
  • კონტაქტური ლინზების გამოყენების შეუძლებლობა;
  • სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მშრალი თვალის დიაგნოსტირებისათვის ძირითად ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებთან ერთად, გამოიყენება გამოკვლევის სპეციფიკური მეთოდები:

  • შირმერის ტესტი - ქაღალდის ფირფიტებით ფასდება ცრემლის წარმოქმნის სიჩქარე სხვადასხვა პირობებში;
  • დიაგნოსტიკური საღებავი - მაგალითად, ფლუორესცეინის საღებავით ფასდება თვალის ზედაპირის დაზიანების ხარისხი;
  • ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრფია - რქოვანას ეპითელიუმის რუკების შესაფასებლად;

მშრალი თვალის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს წარმოადგენს კომპიუტერული მოწყობილობები, რომელთაგან ჩვენს კლინიკაში დიდი წარმატებით გამოიყენება IDRA. აღნიშნული ინოვაციური და დახვეწილი მოწყობილობით ზედმიწევნით ფასდება თვალის ზედაპირის მდგომარეობა. გამოკვლევის პროცესი სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, მიღებული შედეგებით კი შესაძლებელია ცრემლის აპკის სტრუქტურის დეტალური შეფასება. IDRA-ს საშუალებით შესაძლებელია მშრალი თვალის დაავადების ტიპის განსაზღვრა და მიზანმიმართული მკურნალობის დანიშვნა.

IDRA

მშრალი თვალის სადიაგნოსტიკო მოწყობილობა IDRA

IDRA-ს საშუალებით შესაძლებელია შემდეგი გამოკვლევების ჩატარება:

  • ცრემლის აპკის გახლეჩის დროის  შეფასება არაინვაზიური მეთოდით ფლუორესცეინის გამოყენების გარეშე;
  • რქოვანას ზედაპირზე ცრემლის აპკის ლიპიდური კომპონენტის რაოდენობისა და ხარისხის შეფასება ავტომატური ინტერფერომეტრიის ტექნოლოგიით;
  • მეოიბომოგრაფია მეიბომის ჯირკვლების მდგომარეობისა და რაოდენობის შესაფასებლად;
  • ცრემლის მენისკის სიმაღლის განსაზღვრა, რომელიც ცრემლის გამოყოფის შეფასების კარგ ინდიკატორს წარმოადგენს;
  • ბლეფარიტისა და დემოდეკოზის ნიშნების იდენტიფიკაცია.

გამოკვლევის შედეგები წარმოდგენილია თვალსაჩინო სახით, რაც ექიმს უადვილებს პაციენტისათვის ახსნის პროცესს. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე მოწყობილობაში ინტეგრირებული კომპიუტერული პროგრამა გვთავაზობს მკურნალობის ტაქტიკას, რომელიც ეფუძნება მსოფლიოს წამყვანი ოფთალმოლოგების მიერ შემუშავებულ ალგორითმებს. აღნიშნული პროგრამის საშუალებით ასევე შესაძლებელია დინამიკაში შეფასდეს თვალის ზედაპირის მდგომარეობა შედარებითი ანალიზის საფუძველზე.

იმის გათვალისწინებით, რომ მშრალი თვალი მულტიფაქტორული დაავადებაა, მისი მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

თვალის ზედაპირის ადეკვატური დატენიანებისათვის გამოიყენება თვალის დამატენიანებელი წვეთები. არსებობს სხვადასხვა წვეთები, თუმცა რეკომენდებულია ისეთი წვეთების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავენ კონსერვანტს. შესაძლებელია ასევე თვალის დამატენიანებელი მალამოების ინსტილაცია, თუმცა მათი გამოყენებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში მხედველობა ბუნდოვანია და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

მშრალი თვალის მკურნალობის ნაცად მეთოდს წარმოადგენს ლაკრიმალური (საცრემლე) საცობების იმპლანტაცია, რაც ხელს უწყობს ცრემლის თვალის ზედაპირზე შენარჩუნებას.

ლაკრიმალური საცობები

საცრემლე წერტილებში ლაკრიმალური საცობების იმპლანტაცია

მეიბომის ჯირკლების დისფუნქციისა და ბლეფარიტის სამკურნალოდ თვალის ზედაპირის დატენიანებასთან ერთად რეკომენდებულია სამკურნალო პრეპარატების გამოყენება, რომელთა დანიშვნაც უნდა მოხდეს ოფთალმოლოგის მიერ შესაბამისი სქემითა და ხანგრძლივობით.

ბოლო რამდენიმეა წელია წარმატებით გამოიყენება მკურნალობის აპარატული მეთოდები. ჩვენს კლინიკაში გამოიყენება მოწყობილობა Eye-Light, რომელიც აღჭურვილია IPL (Intense Pulsed Light) და LLLT (Low-Level Light Therapy) ტექნოლოგიით.

IPL + LLLT

Eye-Light მოწყობილობა - IPL და LLLT ინოვაციური ტექნოლოგიები

IPL წარმოადგენს ინტენსიურ პულსურ თერაპიას, რომელიც მრავალი წელია წარმატებით გამოიყენება დერმატოლოგიაში, მათ შორის აკნე როზაცეას სამკურნალოდ. ბოლო წლებია დადასტურდა მეთოდის ეფექტურობა მშრალი თვალის სამკურნალოდ. ანთებითი უჯრედების დაგროვება ქუთუთოს დაზიანებულ სისხლძარღვებში ხელს უწყობს ბლეფარიტისა და მეიბომის ჯირკვლების დისფუნქციის განვითარებას.  IPL-ით მკურნალობის პროცესში ხდება გარკვეული ტალღის სიგრძის მქონე სინათლის ზემოქმედება ქუთუთოების დაზიანებულ სისხლძარღვებზე, რასაც ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი აქვს. LLLT-ით ზემოქმედების პროცესში სინათლის ენერგია შთაინთქმება მეიბომის ჯირკვლების მიერ, რაც ხელს უწყობს დაგროვილი შესქელებული სეკრეტის გათხელებასა და მისი გამოდევნის გაიოლებას. ჯირკვლების სადრენაჟო სისტემის ნორმალური ფუნქციონირება ხელს უწყობს ცრემლის აპკის ცხიმოვანი შრის სტაბილურობას. ორივე პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა და სულ რამდენიმე წუთი გრძელდება. IPL და LLLT ტექნოლოგიების ერთობლივი ზემოქმედება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თვალის ზედაპირის მდგომარეობას და მშრალი თვალის მკურნალობის უახლეს მეთოდს წარმოადგენს.

თვალის ზედაპირის დაავადებების მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ქუთუთოების ჰიგიენაზე. ჩვენს კლინიკაში ქუთუთოების პროფესიული წმენდისათვის გამოიყენება მოწყობილობა AB Max™, რომლის საშუალებითაც ხდება ქუთუთოებზე არსებული ნადების, ქერცლის, ნარჩენი ნაწილაკების მოცილება. პროცედურა უმტკივნეულოა და მის ჯერადობას განსაზღვრავს ოფთალმოლოგი.

ABMAX

AB Max მოწყობილობა ქუთუთოების პროფესიული წმენდისათვის

აუცილებლად გვსურს აღვნიშნოთ, თვალის ზედაპირის დაავადებებს ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს და მკურნალობის პროცესში პაციენტის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ოფთალმოლოგის რეკომენდაციების ზედმიწევნით სწორად შესრულება წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

ამრიგად, თუ გაწუხებთ თვალის სიმშრალისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, კლინიკა „ახალი მზერა“ გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას. მშრალი თვალის დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდების საფუძველზე მკურნალი ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის თქვენთვის ოპტიმალურ მეთოდთა კომბინაციას წარმატებული შედეგის მისაღწევად.

akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge
akhalimzera phone 032 221 46 00