მაკულა

ბადურა და ლაზერული ფოტოკოაგულაცია
ბადურა გარსი წარმოადგენს შუქის აღმქმელ, ნერვულ-უჯრედოვან შრეს, რომლითაც ამოფენილია თვალის კაკლის უკანა კედელი. ბადურა გარსზე ნერვულ იმპულსად გარდაქმნილი სინათლის სხივი მხედველობის ნერვის მეშვეობით გადაეცემა თავის ტვინის შესაბამის უბნებს, სადაც ყალიბდება გამოსახულება.
ბადურა გარსის დაზიანება იწვევს მხედველობის მნიშნელოვან დაქვეითებას სრულ სიბრმავემდე.
ბადურა გარსის დაავადების მკურნალობის მნიშვნელოვან და ხშირად ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ბადურის ლაზერული ფოტოკოაგულაცია, რომლის დროსაც ხდება ბადურის სამკურნალოდ გათვალისწინებული უბნების მოწვა. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება: შაქრიანი დიაბეტის ისეთი გართულება, როგორიცაა დიაბეტური რეტინოპათია, რომელიც ორი ფორმით ვლინდება: არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია, რომლის დროსაც ადგილი აქვს ბადურა გარსის სისხლძარღვების პათოლოგიურ მდგომარეობას და სისხლძარღვთა კედლებიდან სისხლისა და პლაზმის ჟონვას, რაც იწვევს სისხლჩაქცევებსა და შეშუპებას.
პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია, რომლის დროს ხდება ბადურა გარსის სისხლძარღთა სანათურის დახშობა და ახალი არასრულფასოვანი სისხლძარღვების წარმოქმნა - ნეოვასკულარიზაცია. ნეოვასკულარული სისხლძარღვთა კედლები ადვილად სკდება და სისხლი იღვრება მინისებრ სხეულში, რაც იწვევს მხედველობის საგრძნობ დაქვეითებას, ასევე ადგილი აქვს ბადურა გარსის ზედაპირზე შემაერთებელქსოვილოვანი მემბრანის წარმოქმნას, რასაც მივყავართ ბადურის ტრაქციულ ჩამოცლამდე და ხშირად სრულ სიბრმავემდე.
დიაბეტური რეტინოპათიის არაპროლიფერაციული ფორმის დროს, ლაზერის სხივით მოიწვება უშუალოდ მჟონავი უბნები. პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათიის დროს კი ლაზერის სხივით მოიწვება ბადურა გარსის მთელი პერიფერიული ნაწილი - პანრეტინალური ლაზერკოაგულაცია, რათა აღმოიფხვრას არასრულფასოვანი სისხლძარღვების წარმოქმნა და მასთან დაკავშირებული გართულებები.
ბადურის ლაზერული ფოტოკოაგულაცია გამოიყენება ბადურას პერიფერიული დეგენერაციის ზოგიერთი ფორმის, ასევე ხვრელებისა და ნახევების დროს, რომლებიც ქმნიან რისკს ბადურის ჩამოცლისა. ლაზერკოაგულაცია ტარდება აღნიშნული კერების გარშემო ირგვლივ პერიმეტრზე და რიგ შემთხვევებში ბადურის პერიფერიაზე 360 გრადუსით ჩვენების მიხედვით, რომლის მიზანია ბადურა გარსის ფიქსაცია.
ბადურის ლაზერული ფოტოკოაგულაცია გამოიყენება ასევე ბადურის სისხლძარღვთა ოკლუზიების, სხვადასხვა ტიპის პროლიფერაციული რეტინოპათიების დროს.
ჩვენს კლინიკაში ლაზერული ფოტოკოაგულაცია ტარდება Nidek Gyc 500-ით რომელიც წარმოადგენს პატერნ ლაზერკოაგულატორს, მას გააჩნია მზა თარგები ანუ პატერნები (22 სხვადასხვა ტიპის), შესაძლებელია მათი რეპოზიცია, ასევე კოაგულატებს შორის მანძილის ცვლილება.
იგი სწრაფია, შესაბამისად ამცირებს სესიების რაოდენობას, ნაკლებ მტკივნეულია, დამზოგველია, რაც განაპირობებს მისი გამოყენების უპირატესობას.