ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
პტერიგიუმი

პტერიგიუმი

პტერიგიუმი

პტერიგიუმი ანუ ფრთისებრი აპკი არის თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივის) კეთილთვისებიანი წანაზარდი, რომელიც ძირითადად სამკუთხა ფორმისაა. მისი განვითარება იწყება კონიუნქტივიდან, თუმცა ახასიათებს გავრცელება რქოვანაზე. პტერიგიუმი ხასიათდება თვალის ნაპრალის არეში სამკუთხა ფორმის აპკის ზრდით, რომელიც უხშირესად აღინიშნება ნაზალურ (ცხვირის) მხარეს და იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა მისი განვითარება ტემპორალური (საფეთქლის) მხრიდანაც. პტერიგიუმი რქოვანაზე გადაზრდისას იწვევს მისი ოპტიკური თვისებების ცვლილებასა და მხედველობის სიმახვილის გაუარესებას. ძირითადად ვითარდება 30-50 წლის ასაკში.

პტერიგიუმის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ულტრაიისფერი სხივების (UV) ზემოქმდება;
  • მშრალი ჰავა;
  • აქტიური საქმიანობა ღია სივრცეში (მაგალითად, მინდორში მუშაობა ან სერფინგი, ამიტომ მას ასევე უწოდებენ „ფერმერის თვალს“ ან „სერფერის თვალს“).

სიმპტომები:

ადრეულ ეტაპზე პტერიგიუმი ჩვეულებრივ ასიმპტომურია და პაციენტს დისკომფორტს არ უქმნის. პტერიგიუმის ზრდის შემთხვევაში ჩნდება თვალის გაღიზიანებისათვის დამახასიათებელი ისეთი ჩივილები, როგორიცაა თვალის სიმშრალე, სიწითლე, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი. პტერიგიუმის რქოვანაზე გადაზრდის შემთხვევაში იცვლება ამ უკანასკნელის ოპტიკური თვისებები, ჩნდება ასტიგმატიზმი და პაციენტი უჩივის მხედველობის გაუარესებას.

დიაგნოსტიკა:

პტერიგიუმის დიაგნოსტირება ხდება პაციენტის გამოკვლევით ოფთალმოლოგიურ ნაპრალოვან სანათთან. მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად აუცილებელია ასევე განისაზღვროს მხედველობის სიმახვილე, ოფთალმომეტრია/კერატომეტრია (რქოვანას გარდამტეხი ძალის შეფასება), ჩვენების მიხედვით შესაძლოა საჭირო გახდეს რქოვანას კომპიუტერული ტოპოგრაფიისა და თვალის წინა მონაკვეთის ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფიის (OCT) ჩატარება.

მკურნალობა:

პტერიგიუმის მკურნალობა დამოკიდებულია მის ზომაზე, ლოკაციასა და მდგომარეობის სიმძიმეზე. ადრეულ ეტაპზე ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, რაც მოიცავს თვალის დამატენიანებელი წვეთების ინსტილაციას, რათა შემსუბუქდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანება, სიწითლე და უცხო სხეულის შეგრძნება.

შორსწასულ შემთხვევაში პტერიგიუმის მკურნალობა ქირურგიულია და მიზნად ისახავს მდგომარეობის გაუმჯობესებას კოსმეტიკური თვალსაზრისით, გართულებების პრევენციასა და პტერიგიუმის რქოვანაზე გადაზრდის შემთხვევაში მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესებას.

პტერიგიუმის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან დაცვა (მზის სათვალე, ქუდი და ა.შ.)
  • მოერიდეთ გარემოს გამაღიზიანებელ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კვამლი, მტვერი, ქარი და ქიმიური დამაბინძურებელი საშუალებები;
  • თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენება მშრალი გარემოს პირობებში.

თუ გაქვთ პტერიგიუმი, ჩვენი კლინიკა გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას და სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ თქვენი თვალის მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა.

akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge