კერატოკონუსი

კერატოკონუსი არის თვალის წინა, გამჭვირვალე, სფერული და ოპტიკურად ყველაზე ძლიერი გარდატეხის მქონე ნაწილის - რქოვანა გარსის ორმხრივი და პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება, არათანაბრად გამოიზნიქება წინ და კონუსისებრ პროფილს იღებს. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ და გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდ მხედველობის მნიშვნელოვანი გაუარესების მიზეზი ხდება. კერატოკონუსის საერთაშორისო ფონდის მონაცემების მიხედვით მსოფლიო მასშტაბით დაავადება 1000-დან 3-5 ადამიანში გვხვდება.
კერატოკონუსი უმეტესად 15-17 წლის ასაკში იწყება და, როგორც წესი, 30-35 წლამდე პროგრესირებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების პროგრესირება 40 წლის ასაკამდეც აღინიშნება.
სადღეისოდ კერატოკონუსის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლო რისკ-ფაქტორებად მიიჩნევა:
- გენეტიკური მიდრეკილება;
- ზოგადი ალერგიული ფონი;
- მექანიკური გაღიზიანება (თვალების სრესა);
- კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი და არასწორი მოხმარება;
- მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენა.
თვალის დაავადებათაგან კერატოკონუსის განვითარებას ხელს უწყობს ე.წ. „მშრალი თვალის“ სინდრომი, რომელიც, როგორც წესი, ვითარდება ქუთუთოს სისქეში მდებარე მეიბომის ჯირკვლების სადინარების ნაწილობრივი ან სრული დახშობის შედეგად.
კერატოკონუსისთვის დამახასიათებელია:
- მხედველობის სიმახვილის შედარებით სწრაფი დაქვეითება;
- სათვალეების ან კონტაქტური ლინზების ხშირი შეცვლის საჭიროება;
- ცრუ ახლომხედველობისა და/ან ასტიგმატიზმის განვითარება, რომელთა კორექციაც ძნელად ხერხდება სათვალით ან რბილი კონტაქტური ლინზებით;
- სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- სინათლის წყაროს ფონზე „შარავანდედისა“ და „ანარეკლის“ არსებობა;
- „მშრალი თვალისთვის“ დამახასიათებელი ნიშნების არსებობა.
ნორმალური მხედველობა (მარცხნივ) და მხედველობა კერატოკონუსის დროს (მარჯვნივ)
კერატოკონუსის ადრეული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია მისი პროგრესირების შესაჩერებლად და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად. დაავადების სწორი და დროული დიაგნოსტირებისთვის საჭიროა ანამნეზის დეტალური შესწავლა და სათანადო ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება. არსებობს კლასიკური ხელსაწყოები და მარტივი მეთოდები, რომლებითაც შესაძლებელია დიაგნოზის დასმა, თუმცა ზოგჯერ საწყის სტადიაზე დაავადების დიაგნოსტირება შეუძლებელია რქოვანას ტოპოგრაფიის გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ რქოვანას ტოპოგრაფებს, რომლებიც იძლევა რქოვანას მრავალი სხვადასხვა პარამეტრის (რქოვანა გარსის სიმრუდე, სისქე, როგორც წინა, ისე უკანა ზედაპირის მახასიათებლები) დეტალური შესწავლის საშუალებას, კერატოკონუსის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
კერატოკონუსის მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების პროგრესირების შეჩერებას და ის მხოლოდ ქირურგიულია. დაავადების I-II სტადიებზე მიზანშეწონილია რქოვანას „ქროს-ლინქინგი“, II-III სტადიებზე - რქოვანას სისქეში რკალების იმპლანტაცია, ხოლო IV სტადიაზე - შორსწასულ შემთხვევაში, როდესაც თხელი (400 მიკრონზე ნაკლების სისქის) რქოვანას გამო ზემოთ აღნიშნული მეთოდები არ გამოიყენება, რჩება ერთადერთი გზა - რქოვანას შრეობრივი ან გამჭოლი გადანერგვა.
ქროს-ლინქინგის მეთოდი არის წინასწარ რიბოფლავინით (ვიტამინი B2) გაჯერებულ რქოვანას ქსოვილებზე ულტრაიისფერი ლაზერული სხივით ზემოქმედება. ეს პროცედურა უმტკივნეულო და ტექნიკურად საკმაოდ მარტივია, გამოიყენება დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად.
კერატოკონუსის მკურნალობა ქროს-ლინქინგის მეთოდით
რქოვანა გარსის სისქეში რკალების იმპლანტაცია კერატოკონუსის მკურნალობის კიდევ ერთ ნაცად მეთოდს წარმოადგენს. ის გულისხმობს რქოვანას სისქეში წინასწარ, ინდივიდუალურად გათვლილი პარამეტრების მაღალი ბიოთავსებადობის მქონე ორგანული მინის 1 ან 2 სეგმენტის ჩანერგვას. აღნიშნული მკურნალობა, ერთი მხრივ, აჩერებს დაავადების პროგრესირებას, ასევე ხშირად მეტ-ნაკლებად აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილესაც.
რქოვანას ინტრასტრომული რკალი - იმპლანტაციამდე (მარცხნივ) და იმპლანტაციის შემდეგ (მარჯვნივ)
რქოვანას გადანერგვას (შრეობრივს ან გამჭოლს), როგორც წესი, კერატოკონუსის IV სტადიაზე მიმართავენ. ამ დროს პაციენტის რქოვანა დონორის რქოვანა გარსით იცვლება. ვინაიდან რქოვანაში სისხლძარღვები არ არის, გართულების რისკი სხვა ორგანოების გადანერგვასთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.
გადანერგილი რქოვანა კერატოკონუსის IV სტადიის დროს
(სურათი გადაღებულია ნაკერების მოხსნამდე)
ყველა ზემოთ ნახსენები ოპერაცია კეთდება ამბულატორიულ პირობებში უმეტეს შემთხვევებში ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა, რის შემდეგაც პაციენტი განაგრძობს მისთვის ჩვეულ ყოველდღიურ საქმიანობას.
მხედველობის კორექციის მიზნით, დაავადების სატბილიზირების შემდეგ, შესაძლებელია ფაკიური თვალშიდა ლინზის იმპლანტაცია ან სკლერული კონტაქტური ლინზის გამოყენება. ფაკიური ლინზის შეკვეთა ხდება ინდივიდუალურად და იმპლანტაციის პროცესი სრულიად უმტკივნეულოა. ფაკიური ლინზის იმპლანტაციიდან უმოკლეს ვადაში მხედველობა მკვეთრად უმჯობესდება და ამიტომ პაციენტებმა ამ ლინზას „ჯადოსნური“ უწოდეს.
ფაკიური „ჯადოსნური“ ლინზა - სქემატური გამოსახულება
სკლერული ლინზის შერჩევა და ქარხნული დამზადება ხდება ინდივიდუალურად, თითოეული თვალის პარამეტრებზე დაყრდნობით.
სკლერული ლინზა - სქემატური გამოსახულება
ამრიგად, თუ მხედველობის დაქვეითების მიზეზი კერატოკონუსია, კლინიკა „ახალი მზერა“ გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას. სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ თქვენი თვალის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლიათ მკურნალ ექიმთან და/ან ქირურგთან ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის შერჩევის თაობაზე.