ახლომხედველობა - შორსმხედველობა - ასტიგმატიზმი

თვალის კაკლის შუქგამტარი სისტემა წარმოადგენს რთულ ოპტიკურ აპარატს, რომლის ძირითადი ფუნქცია სინათლის სხივების გარდატეხაა. თვალის ოპტიკური სისტემის გარდამტეხუნარიანობას, ანუ რეფრაქციას გამოხატავენ დიოპტრიებით.
სინათლის სხივები პირველად გაივლიან რქოვანას, თვალის წინა, გამჭვირვალე და ოპტიკურად ყველაზე ძლიერი გარდამტეხი ძალის მქონე გარსს. რქოვანას მიერ გარდატეხილი სინათლის სხივები შემდეგ გაივლიან გუგას, ფერადი გარსის ცენტრში არსებულ ხვრელს, რომელიც ასრულებს დიაფრაგმის როლს და არეგულირებს თვალში მოხვედრილი სინათლის სხივების ინტენსივობას. გუგის გავლის შემდეგ სინათლის სხივები გაივლიან ბროლს, გამჭვირვალე ორმხრივ ამოზნექილ ლინზას და მინისებრი სხეულის გავლით ხვდებიან ბადურა გარსზე, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ფოტოაპარატის ფირი, ახდენს რა მასზე მოხვედრილი სხივების გარდაქმნას მხედველობით იმპულსებად, რომლებიც საბოლოოდ აღწევენ თავის ტვინს.
თვალის ოპტიკური სისტემის ანალოგია ფოტოაპარატთან
იმის მიხედვით, თუ სად ხდება თვალის ოპტიკურ აპარატში გარდატეხილი პარალელური სხივების ფოკუსირება - უშუალოდ ბადურაზე, მის წინ თუ უკან, რეფრაქცია შესაძლოა იყოს თანაზომიერი, ანუ ემეტროპული, და არათანაზომიერი, ანუ ამეტროპული.
ემეტროპია თვალის ნორმალურ რეფრაქციად ითვლება, რომლის დროსაც მისი ოპტიკური აპარატის გარდამტეხი ძალა თვალის ანატომიურ ღერძს შეესაბამება და პარალელური სხივები უშუალოდ ბადურა გარსზე ფოკუსირდება. აღნიშნული შესაბამისობის დარღვევისას ვითარდება ამეტროპიის ორი განსხვავებული სახე: ახლომხედველობა (მიოპია) ან შორსმხედველობა (ჰიპეროპია).
ახლომხედველობის დროს გარდატეხილი პარალელური სხივები ფოკუსირდება ბადურას წინ, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს თვალის ოპტიკური აპარატის ნორმაზე ძლიერი გარდამტეხუნარიანობა ან/და თვალის ანატომიური ღერძის დაგრძელება.
შორსმხედველობის დროს თვალის ოპტიკური აპარატის ნორმაზე სუსტი გარდამტეხუნარიანობის ან/და თვალის ანატომიური ღერძის სიმოკლის გამო გარდატეხილი პარალელური სხივების ფოკუსი ბადურას უკან, ვირტუალურ სივრცეში არის მოთავსებული.
რეფრაქციის ანომალიებს მიეკუთვნება ასევე ასტიგმატიზმი, რომლის დროსაც მხედველობის დაქვეითება განპირობებულია იმით, რომ გარდატეხილი სხივები ნაცვლად ერთისა, იკრიბება ბადურა გარსის რამდენიმე წერტილში და მიიღება ბუნდოვანი გამოსახულება.
ბადურას მიმართ ფოკუსის მდებარეობა რეფრაქციის სხვადასხვა ანომალიის დროს
რეფრაქციის ანომალიები ძირითადად ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით.
რეფრაქციის ანომალიების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია პაციენტის სრულყოფილი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, რაც მოიცავს:
- ანამნეზი: პაციენტის ჩივილების დეტალური შესწავლა.
- მხედველობის სიმახვილე: აუცილებელია მხედველობის სიმახვილის შეფასება კორექციის გარეშე და საუკეთესო კორექციით.
- რეფრაქციის განსაზღვრა: აუცილებელია რეფრაქცია შეფასდეს ორჯერ - ციკლოპლეგიის გარეშე და მას შემდეგ. ციკლოპლეგია აუცილებელია იმისათვის, რომ განისაზღვროს რეფრაქციის ანომალიის რეალური მონაცემები.
- კერატომეტრია/ოფთალმომეტრია: გულისხმობს რქოვანას გარდამტეხი ძალის განსაზღვრას.
- ბიომეტრია: გულისხმობს თვალის ანატომიური ღერძის შეფასებას.
- რქოვანას კომპიუტერული ტოპოგრაფია: გულისხმობს რქოვანას მრავალი სხვადასხვა პარამეტრის (რქოვანა გარსის სიმრუდე, სისქე, როგორც წინა, ისე უკანა ზედაპირის მახასიათებლები) დეტალურ შესწავლას.
- ბიომიკროსკოპია: თვალის როგორც წინა, ისე უკანა მონაკვეთის დეტალური დათვალიერება ნაპრალოვანი სანათის საშუალებით.
რეფრაქციის ანომალიების კორექციისათვის გამოიყენება შემდეგი საშუალებები:
სათვალე: რეფრაქციის ანომალიების კორექციის ყველაზე მარტივი გზაა.
კონტაქტური ლინზა: სათვალესთან შედარებით კომფორტულია და მხედველობის სიმახვილე უფრო მაღალია. თუმცა, კონტაქტური ლინზების მოხმარების წესების არასათანადო დაცვის შემთხვევაში, მაღალია ინფექციის განვითარების რისკი.
რეფრაქციული ქირურგია: იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ სურს სათვალის ან/და კონტაქტური ლინზების გამოყენება, დიდი წარმატებით გამოიყენება რეფრაქციული ქირურგიის შესაძლებლობები. რეფრაქციული ქირურგია თავის მხრივ გულისხმობს მხედველობის ექსიმერლაზერულ კორექციას ან/და ფაკიური “ჯადოსნური” თვალშიდა ლინზის იმპლანტაციას რეფრაქციის ანომალიათა კორექციის მიზნით.
მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია LASIK მეთოდით გულისხმობს რქოვანაზე ლაზერის სხივით ზემოქმედებას რამდენიმე წამის განმავლობაში რეფრაქციის ანომალიების კორექციის მიზნით. პროცედურის სიმარტივემ, უსაფრთხოებამ და ეფექტურობამ დიდი პოპულარობა მოუტანა LASIK-ს.
კლინიკაში „ახალი მზერა“ გამოიყენება ექსიმერული ლაზერი “Technolas Teneo 317 Model 2“, რომელიც არის ოფთალმოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობების მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანია “Bausch + Lomb” - ის უახლესი რეფრაქციული პლატფორმა. აღნიშნული დანადგარის საშუალებით შესაძლებელია რეფრაქციული ანომალიების კორექცია სულ რამდენიმე წამში. ექსიმერული ლაზერი აღჭურვილია ძალიან მაღალი სიჩქარის თვალის tracking-ის ტექნოლოგიით, რაც პროცედურის უსაფრთხოდ და მაქსიმალური სიზუსტით ჩატარების საშუალებას იძლევა. მოწყობილობის ერგონომიული დიზაინი უზრუნველყოფს პროცედურის კომფორტულ პირობებში ჩატარებას როგორც პაციენტის, ასევე ქირურგისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს პროცედურის მაღალ ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.
„ახალი მზერას“ გამოცდილი ექსპერტების გუნდი სრულყოფილი ოფთალმოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თითოეული კონკრეტული პაციენტი რამდენად კარგი კანდიდატია მხედველობის ლაზერული კორექციისათვის.
იმ შემთხვევებში, როდესაც მხედველობის კორექციის მიზნით ექსიმერული ლაზერის გამოყენება ნაკლებად ეფექტურია ან/და უკუნაჩვენებია, წარმატებით გამოიყენება ფაკიური თვალშიდა ლინზის (ICL) იმპლანტაცია. მისი იმპლანტაციის ჩვენებებს ძირითადად წარმოადგენს მაღალი ხარისხის ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი. აღნიშნული ლინზის იმპლანტაციიდან სულ რამდენიმე საათში პაციენტი იღებს მაქსიმალურ შესაძლო მხედველობას, რის გამოც პაციენტებმა მას „ჯადოსნური ლინზა“ უწოდეს. გადაწყვეტილება რეფრაქციული ქირურგიის ტიპის შესახებ მიიღება პაციენტის სრულყოფილი (მაღალკვალიფიციური) გამოკვლევის შემდეგ მიღებული მონაცემების საფუძველზე - თუ პაციენტს აქვს რამე უკუჩვენება და არსებობს ექსიმერლაზრული კორექციის შემდეგ გართულების განვითარების მინიმალური რისკიც კი, აუცილებლად განიხილება ფაკიური ლინზის იმპლანტაცია, რათა მკურნალობის მაქსიმალურად უსაფრთხო მეთოდი იქნას შერჩეული ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.
ძალიან მაღალი ხარისხის რეფრაქციის ანომალიების შემთხვევაში, როდესაც მხედველობის კორექცია ერთი რომელიმე მეთოდით შეუძლებელია, გამოიყენება ე.წ. Bioptics, რაც გულისხმობს ორი სხვადასხვა მეთოდის კომბინაციას მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
რეფრაქციულ ქირურგიას ატარებს პროფესორი მერაბ დვალი, ამიერკავკასიაში ამ მეთოდების დამნერგავი 25-წლიანი გამოცდილებით.
ამრიგად, თუ თქვენი მხედველობის სიმახვილის დაქვეითების მიზეზი რეფრაქციის ანომალიაა, კლინიკა „ახალი მზერა“ გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას. სრულყოფილი ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ შეგიძლიათ მკურნალ ექიმთან და/ან ქირურგთან ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური კორექციის მეთოდის შესახებ.