გლაუკომა

გლაუკომა მსოფლიოში შეუქცევადი სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. 2020 წლის მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით გლაუკომით დაავადებულთა რიცხვი 76 მილიონს შეადგენდა. გლაუკომა არის ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანებას და მისი ბოჭკოების განლევის (ატროფიის) შემთხვევაში შეუქცევად სიბრმავეს.
გლაუკომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი სადღეისოდ დადგენილი არ არის, თუმცა შესაძლო რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:
- მაღალი თვალშიდა წნევა;
- ასაკი (40 წელს ზემოთ);
- დაავადების ოჯახური ანამნეზი (ისტორია);
- კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება;
- მაღალი ხარისხის ახლომხედველობა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- თვალის ტრავმა.
პაციენტების უმრავლესობას დაავადების ადრეულ სტადიაზე ჩივილები არ აქვს, რადგან ცენტრალური მხედველობა არ ქვეითდება, ხოლო გლაუკომისთვის დამახასიათებელი მხედველობის ველის ცვლილებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება. სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად მხედველობის გაუარესებას მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როდესაც მხედველობის ველი მნიშვნელოვნად შევიწროებულია და მხედველობის ნერვში უკვე განვითარებულია შეუქცევადი ატროფიული ცვლილებები.
ნორმალური მხედველობა და პერიფერიული მხედველობის დაზიანების ხარისხი გლაუკომის სხვადასხვა სტადიის დროს
თვალის წინა მონაკვეთი ამოვსებულია გამჭვირვალე სითხით, რომელსაც წყალწყალა ნამი ეწოდება. იგი შეიცავს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს თვალის კაკლის იმ გამჭვირვალე სტრუქტურებისათვის, რომლებიც უშუალოდ სისხლძარღვების მეშვეობით არ იკვებება. წყალწყალა ნამი გამომუშავდება წამწამოვანი სხეულის მიერ და თვალის სადრენაჟო სისტემის საშუალებით გადადის ვენურ ქსელში. თვალის ნორმალური ტონუსის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია დაცული იყოს ბალანსი წყალწყალა ნამის წარმოქმნასა და მისი თვალიდან გადინებას შორის. თვალშიდა წნევის ნორმალური მაჩვენებელი 10 mmHg-დან 21mmHg-მდე მერყეობს.
გამოყოფენ გლაუკომის რამდენიმე ფორმას გამომწვევი მიზეზისა და ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით:
- ღიაკუთხოვანი გლაუკომა დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა და იგი გამოწვეულია წინა საკნის კუთხის სადრენაჟო სისტემის ფუნქციის მოშლით.
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა განპირობებულია თვალის კაკლის ანატომიური თავისებურებით (თვალის სადრენაჟო სისტემის პერიოდული ან მუდმივი ბლოკადა). დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს გლაუკომის მწვავე შეტევის სახით, რომელიც ვლინდება თვალის და თავის ძლიერი ტკივილით, გულისრევა/ღებინებით და გადაუდებელ ოფთალმოლოგიურ დახმარებას საჭიროებს.
წყალწყალა ნამის უკუდენის შეფერხება ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს
წყალწყალა ნამის უკუდენის შეფერხება დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს
- ნორმოტენზიული გლაუკომის შემთხვევაში თვალშიდა წნევა ნორმის ფარგლებშია, თუმცა აღინიშნება ცვლილებები მხედველობის ნერვში, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მისი სისხლის მიმოქცევის დარღვევით.
- მეორადი გლაუკომა ვითარდება ტრავმის ან თვალში მიმდინარე ანთებითი პროცესების შედეგად.
- თანდაყოლილი გლაუკომა არის თვალის კაკლის ანატომიური განვითარების ნორმალური პროცესის დარღვევის შედეგი და ვლინდება ჩვილებსა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გლაუკომის დიაგნოსტირებისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი გამოკვლევების ჩატარება:
- თვალშიდა წნევის გაზომვა (ტონომეტრია);
- წინა საკნის კუთხის დათვალიერება სადრენაჟო სისტემის შეფასების მიზნით (გონიოსკოპია);
- მხედველობის ნერვის დისკოს შეფასება ოფთალმოსკოპიურად;
- რქოვანას სისქის განსაზღვრა (პაქიმეტრია) თვალშიდა წნევის მაჩვენებლების ზუსტი ინტერპრეტაციის მიზნით.
ზემოაღნიშნული გამოკვლევების საფუძველზე გლაუკომაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში აუცილებელია ისეთი სპეციალიზებული გამოკვლევების ჩატარება, როგორიცაა კომპიუტერული პერიმეტრია მხედველობის ველის შესაფასებლად და ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია ბადურისა და მხედველობის ნერვის მდგომარეობის შესაფასებლად შრეობრივ დონეზე. ამ გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია არა მხოლოდ დაავადების დიაგნოსტირებისათვის, არამედ დინამიკაში მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასების მიზნით.
გლაუკომის მართვის მიზანი არის დაავადების პროგრესირების შეჩერება. გლაუკომის გამო დაქვეითებული მხედველობის სიმახვილის აღდგენა შეუძლებელია, რადგან იგი გამოწვეულია მხედველობის ნერვის დაზიანებით, რომელიც შეუქცევად ხასიათს ატარებს. მკურნალობის რაციონალური მიდგომის შერჩევა დამოკიდებულია გლაუკომის ფორმაზე.
მედიკამენტური მკურნალობა ანტიგლაუკომური წვეთების (თვალშიდა წნევის დამწევი) სახით მიმართულია თვალშიდა წნევის ნორმალიზებისა და მხედველობითი ფუნქციების შენარჩუნებისკენ. არსებობს ანტიგლაუკომური წვეთების სხვადასხვა ჯგუფი, რომელთა მოქმედების მექანიზმი მიმართულია წყალწყალა ნამის პროდუქციის შემცირებისაკენ ან/და თვალიდან მისი გადინების გამარტივებისაკენ. იმისათვის, რომ გლაუკომის მკურნალობა იყოს ეფექტური, აუცილებელია პაციენტი ზედმიწევნით სწორად ასრულებდეს ოფთალმოლოგის დანიშნულებასა და რეკომენდაციებს. დაუშვებელია ანტიგლაუკომური წვეთების თვითნებურად შეწყვეტა ან შეცვლა ოფთალმოლოგთან შეთანხმების გარეშე.
ანტიგლაუკომური წვეთების სწორად ჩაწვეთებისათვის, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
- წვეთის ჩაწვეთებამდე აუცილებელია ხელების დაბანა;
- წვეთის ჩაწვეთებისას წამლის ფლაკონი უნდა იყოს 5-10 სმ-ით დაშორებული თვალიდან და წვეთი უნდა ჩაეწვეთოს ქვედა ქუთუთოს ჩამოწევით შექმნილ სივრცეში;
- წვეთის ჩაწვეთების შემდეგ აუცილებელია თვალის დახუჭვა და 1-2 წუთის განმავლობაში თითით ზეწოლა ქუთუთოს შიდა კუთხეში არსებულ საცრემლე წერტილის საპროექციო მიდამოში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ცხვირში წამლის გადასვლა და მაქსიმალურად გამოვლინდეს მედიკამენტის ეფექტურობა.
ანტიგლაუკომური წვეთების გამოყენებისას აუცილებელია თქვენი ოფთალმოლოგის რეკომენდაციების დაცვა, რათა მიღწეულ იქნას მაქსიმალური ეფექტი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაძლო გვერდითი მოვლენები.
თუ თვალშიდა წნევის მოწესრიგება შეუძლებელია სხვადასხვა ანტიგლაუკომური წვეთის ფონზე, მიმართავენ ლაზერულ ან/და ქირურგიულ მკურნალობას.
განსხვავებულია ლაზერული მკურნალობის მექანიზმი ღია და დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში. ღიაკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში ლაზერული მკურნალობა მიმართულია თვალის სადრენაჟო სისტემაზე და მიზნად ისახავს თვალშიდა წნევის შემცირებას წყალწყალა ნამის გადინებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნით. დახურულკოთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში ლაზერული მკურნალობა გულისხმობს ფერად გარსში ხვრელის შექმნას წყალწყალა ნამის გადინებისათვის ალტერნატიული გზის შექმნით. აღნიშნული ხვრელის შექმნა შესაძლებელია ასევე მიკროქირურგიული მანიპულაციის საშუალებით.
თუ ზემოაღნიშნული მკურნალობის ფონზე აღინიშნება გლაუკომის პროგრესირების ნიშნები, რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევა, რომელიც მიზნად ისახავს თვალშიდა წნევის დაქვეითებას და დაავადების პროგრესირების შეჩერებას.
გლაუკომით გამოწვეული შეუქცევადი სიბრმავის პრევენციის ერთადერთ საშუალებას დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა წარმოადგენს. გლაუკომის საწყის სტადიაზე შესაძლოა, რომ პაციენტს საერთოდ არ აღენიშნებოდეს ჩივილები, ამიტომ რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით 40 წელს გადაცილებული პირებისთვის აუცილებელია ოფთალმოლოგის გეგმური კონსულტაციის გავლა წელიწადში ერთხელ, ხოლო დატვირთული ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში 6 თვეში ერთხელ.
ამრიგად, თუ გაქვთ გლაუკომით დატვირთული ოჯახური ანამნეზი ან დიაგნოსტირებული გაქვთ გლაუკომა, კლინიკა „ახალი მზერა“ გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდებით. მკურნალობის ტაქტიკა და გეგმიური ვიზიტების სიხშირე განისაზღვრება ინდივიდულურად თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმისა და პაციენტის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.